ჯონსონის ყოფილი მრჩეველი: ბორისს გაისად დაბრუნება სურს

ბორის ჯონსონის ყოფილი მთავარი მრჩეველი დომინიკ კამინგსი წერს, რომ ჯონსონს მომდევნო წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება სურს.

ბორის ჯონსონმა 7 ივლისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა, რის შემდეგაც კონსერვატიულმა პარტიამ ახალი ლიდერის არჩევა დაიწყო.

ბორის ჯონსონის თქმით, ახალი ლიდერის არჩევნებში საჯაროდ არც ერთი კანდიდატს დაუჭერდა მხარს, თუმცა პრემიერ-მინისტრის რანგში პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მომავალ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, "შეამციროს გადასახადები და მოხსნას რეგულაციები სადაც შესაძლებელია". გამოსვლა კი დაასრულა სიტყვებით - "Hasta la vista, baby" (ესპანურად - მომავალ შეხვედრამდე).

კონსერვატორების ლიდერობისთვის ბრძოლაში დარჩენილი ორი კანდიდატის, ლიზ ტრასისა და რიში სუნაკის ხედვები სწორედ გადასახადების საკითხზე განსხვავდება: ტრასი ამბობს, რომ გადასახადები უპირობოდ შესამცირებელია, როცა სუნაკი აცხადებს, რომ გადასახადების შემცირება "კარგად დასაბუთებული" უნდა იყოს და ამომრჩეველს "ზღაპრებს" არ დაჰპირდება.

ამდენად, ბორის ჯონსონის უკანასკნელი განცხადება ლიზ ტრასის ირიბ მხარდაჭერად აღიქმება.

მისი ყოფილი მრჩევლის თანახმად, ჯონსონს ტრასის გამარჯვება იმისთვის სურს, რათა მოგვიანებით თანამდებობაზე თავად დაბრუნდეს:

"ბორისი ტრასს უჭერს მხარს. რატომ? პირველი მიზეზი ისაა, რომ ფიქრობს, [რიში] სუნაკის შესაჩერებლად ეს საუკეთესო გზაა. მეორე კი ის, რომ იცის, [ლიზ] ტრასი გადარეულია და ფიქრობს, რომ ტრასი კრახს განიცდის, ლიდერის ხელახალი არჩევნები ჩატარდება და თავად (ბორისი) მოიგებს", - წერს დომინიკ კამინგსი.

მისი თქმით, ჯონსონს იმედი აქვს, რომ ტრასი "მალე აფეთქდება და 2023 წელს თანამდებობაზე თავად დაბრუნდება".

ამასობაში, ბორის ჯონსონის შემცვლელის გამოსავლენი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პარტიის ახალ ლიდერს კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 200 ათასი წევრი აირჩევს. ახალი პრემიერის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

გაიცანით ბორისი: ცხოვრება, კარიერა და თავგადასავლები

 

 

მსგავსი სიახლეები