კაჩერი: ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემა განვიხილეთ

სლოვაკეთი მზადაა უკრაინას გამანადგურებელი MiG-29-ები გადასცეს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტისლავ კაჩერმა სააგენტო Интерфакс-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 12 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ეს თემა, 8 დეკემბერს, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე "დეტალურად განიხილა".

"ჩვენ ჯერ არ გადმოგვიცია თქვენთვის MIG-29-ები. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს... ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი თქვენს პრეზიდენტთან. ჩემმა თავდაცვის მინისტრმა აუხსნა თქვენს პრეზიდენტს, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება და ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში უკრაინული დელეგაცია ჩამოვა სლოვაკეთში და ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ეს რეალობად იქცეს", - განაცხადა კაჩერმა.

მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთმა ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც თითქმის 11 მილიონი ევროა, რაც, სხვა შეიარაღებასტან ერთად, მოიცავს "რამდენიმე ათას რაკეტას MiG-29-ებისთვის".

"ვფიქრობ, უნდა დავმალო, როგორ გაკეთდება ეს, რათა საფრთხე არ შეიქმნას... მაგრამ ვიტყვი, რომ დღეს ძალიან, ძალიან კარგი აზრების გაცვლა გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, თუ როგორ გავაკეთებთ ამას. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება - თვითმფრინავები უკრაინაში გამოჩნდება", - აღნიშნა კაჩერმა.

მსგავსი სიახლეები