კაჩინსკი უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა
პოლონეთის ვიცე-პრემიერი და მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნის იდეით გამოვიდა.
ამის შესახებ პოლონელმა პოლიტიკოსმა კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღეს კიევს კაჩინსკის გარდა სლოვენიის და ჩეხეთის ლიდერებიც ესტუმრნენ.
"ასეთი მისია, რომელსაც შეუძლია თავის დაცვა და რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იმოქმედებს. ეს მისია უკრაინაში უკრიანის პრეზიდენტის და მთავრობის თანხმობით იქნება დაშვებული. ეს იქნება მისია, რომლის დანიშნულებაც მშვიდობის უზრუნველყოფა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა იქნება, მაგრამ ამავდროულად ეს მისია დაცული იქნება შესაბამისი ძალებით", - განაცხადა კაჩინსკიმ
შესაძლოა კაჩინსკის იდეა განხილვის საგანი გახდეს ალიანსის რიგგარეშე სამიტზე, რომელიც 24 მარტს ბრიუსელში გაიმართება და რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.
კიევში ჩასულ ლიდერებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "მათი ვიზიტი არსებულ ვითარებაში მამაცი ნაბიჯია".