კადიროველებმა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმეს, რაზეც პრიგოჟინმა უარი თქვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომელიც ყველა "მოხალისეობრივ ფორმირებას" ავალდებულებს 1 ივლისამდე გააფორმოს კონტრაქტი სამინისტროსთან "უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით."
რამზან კადიროვის მიერ კონტროლირებულმა ახმატის შენაერთმა მსგავს დოკუმენტს ხელი საჯაროდ პირველმა მოაწერა.
ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ახმატის მოხალისეთა ქვედანაყოფების სამართლებრივ რეგულირებას და საქმიანობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ასევე სახელმწიფოს მიერ დაწესებული სოციალური დაცვის ზომების გაფართოებას და მხარდაჭერას, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი კიმი და რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის დირექტორი ადამ დაშაევი." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ჩეჩნეთიდან რუსეთის დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა, თქვა, რომ "მოხალისეების დანაყოფებისა და რაზმების ყველა მეთაურიც სიამოვნებით მოაწერს ხელს ამ კონტრაქტს, რადგან ის სამხედროებს იგივე სტატუსს ანიჭებს, როგორიც თავდაცვის სამინისტროში აქვთ."
თუმცა, ვაგნერის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა, ამ ბრძანების გამოჩენისთანავე, თქვა, რომ "შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს."
ამასთან, მან აღიარა, რომ მისი უარის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა შეწყვიტოს საბრძოლო მასალის კერძო სამხედრო კომპანიებისთვის მიწოდება მიწოდება.
"რა შეიძლება მოხდეს ამ ბრძანების შემდეგ - ჩვენ არ მოგვცემენ იარაღს და ამუნიციას - გავარკვევთ, როგორც ამბობენ, ჭექა-ქუხილი რომ ატყდება, მოვლენ, მოიტანენ იარაღსა და საბრძოლო მასალას და გვთხოვენ: "დაგვეხმარეთ." - თქვა პრიგოჟინმა.