ესტონურმა პარტიებმა სამთავრობო კოალიციაზე შეთანხმებას მიაღწიეს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნაზე ორ პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Politico წერს.
არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, კალასმა შაბათს გამოაცხადა, რომ მისი მემარჯვენე ლიბერალური "რეფორმის" პარტია, ცენტრისტული "ესტონეთი 200" და სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციაზე შეთანხმდნენ.
"ეს შეთანხმება უზრუნველყოფს ესტონეთის უსაფრთხოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ არსებობა როგორც დამოუკიდებელმა და დაცულმა ქვეყანამ," - განაცხადა კალასმა პრესკონფერენციაზე.
"რეფორმის" პარტიამ მარტის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებში კომფორტულად გაიმარჯვა (ხმების 31.24%).
კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. ის ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.
მის პარტიას შვიდი მინისტრის პორტფელი ექნება, მათ შორის ფინანსთა და თავდაცვის.
"ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. "ასე რომ, იმედი მაქვს, რომ უკრაინა მოიგებს ომს და რუსეთი თავის ტერიტორიაზე დაბრუნდება."
"უსაფრთხოების გარეშე, ჩვენ სხვა საკითხებზე ვერ ვისაუბრებთ", - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს. "ამიტომ ჩვენ ვზრდით თავდაცვის ხარჯებს 3%-მდე (მშპ) მომდევნო წლებში."
თავდაცვის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებს შორისაა ფისკალური დეფიციტის შემცირება და ერთსქესიანთა ქორწინება. სამი პარტია ასევე შეთანხმდა მინიმალური ხელფასის და გადასახადების გაზრდაზე.
კოალიციურ შეთანხმებას ხელი ორშაბათს მოეწერება.