კალასი: ნებისმიერი პირობებით რუსეთთან მშვიდობაზე საუბარი საშიშია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი პირობებით სამშვიდობო მოლაპარაკებები სახიფათო იქნება. მისი თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკების წინაპირობა რუსული ძალების უკრაინიდან გასვლა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

კალასმა ERR-ს ორშაბათს განუცხადა, რომ ნატო, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი ორგანიზაციაა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია პირდაპირი კომენტარი გააკეთოს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებზე რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზების შესახებ და დასძინა, რომ საფრანგეთი ესტონეთის "კარგი მოკავშირეა".

ესტონეთის პრემიერმა თქვა: "ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია თავისი წევრების დასაცავად, რომელიც შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ დაიცვას მილიონობით ადამიანი რუსული ომის დანაშაულებისა და ექსპანსიისგან".

საფრანგეთი და ესტონეთი ნატოს წევრები არიან.

"თუმცა, როგორც ზოგადი კომენტარი, მე ვიტყოდი, რომ ესტონეთის პოზიცია ევროპული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მკაფიოა: დღეს თავისუფალი სამყაროს ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა მან.

"ომის დამნაშავეები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობისა და მომავალი აგრესიის პრევენციის ერთადერთი გზა", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მოთხოვნებში ახალი არაფერია.

"ეს არის ფარდა, რომლის ქვეშაც გამართლებულია [რუსეთის] საოკუპაციო ომები და სხვა სამხედრო დანაშაულები. ეს ასევე არის თემა, რომელიც გამოიყენება გავლენის სფეროების პოლიტიკის გასაძლიერებლად, რათა ქვეყნებს ჩამოერთვას სუვერენული გადაწყვეტილებების მიღების უფლება". - განაცხადა კალასმა.

მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი ისევ აქტუალურია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.

"იმისათვის, რომ ამ პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, აგრესია კი ცალსახად უნდა დამარცხდეს, ხოლო [ომის] დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ნებისმიერი ნაადრევი მშვიდობა ამ მიზნების მიღწევამდე, ვერ უზრუნველყოფს ევროპაში ვერავის უსაფრთხოებას", - თქვა ესტონეთის პრემიერმა.

კალასმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა ფლობს ინიციატივას ბრძოლის ველზე, რასაც მოწმობს სხვადასხვა ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა უფრო მეტად დაეხმარება რუსულ ძალებს მიიღონ ამოსუნთქვის საშუალება განახლებული აგრესიისთვის.

ამის გამო, მისი აზრით, "საშიშია მშვიდობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი".

"მიმდინარეობს აგრესიული ომი. რუსეთი შეიჭრა თავისი მეზობელის ტერიტორიაზე და ამის ფონზე, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

გასულ კვირას, ემანუელ მაკრონმა შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დროს ფრანგულ ტელეარხ TF1-თან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის შიშების გათვალისწინება ნატოს მეზობლად ყოფნის შესახებ "არსებითია" მომავალში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვისას.

მის კომენტარებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში ფინეთსა და უკრაინაში.

მსგავსი სიახლეები