"უთანხმოებები საერთო მტრის დამარცხებამდე უნდა გადავდოთ" - კასიანოვის სტატია
უკრაინის დროებითმა წარმომადგენელმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე სტატია გამოაქვეყნა.
ნაშრომი სათაურით - "როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად არის პრობლემა" Європейська правда-ში გამოქვეყნა.
კასიანოვი საკუთარ სტატიას საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ უთანხმოებებზე საუბრით იწყებს, რაც საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე უარს ეხება. უთანხმობებს შორისაა ნახსნები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის აღსრულება, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზიო რეჟიმის დაწესება და ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.
კასიანოვის თქმით, უკრაინის მთავრობამ არაერთხელ სთხოვა საქართველოს სამხედრო დახმარების გაწევა.
"კერძოდ, კიევმა საქართველოს 2008 წლის ომის დროს უკრაინის მიერ გადაცემული БУК-ის სისტემების გადაცემა სთხოვა. უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ გადაცემულ Javelin-ის ტიპის ანტი-სატანკო სისტემებს. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს არამხოლოდ შეთანხმებული იყო აშშ-სთან, არამედ, ვაშინგტონი მზად იყო, საქართველოსთვის Javelin-ის ახალი სისტემებიც მიეწოდებინა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ კონტექსტში გამოყენებას და უარყოფს გავრცელებულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს",- ნათქვამია სტატიაში.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე კასიანოვი წერს, რომ კიევის პოზიცია ნაკარნახევია წმინდად ჰუმანიტარული მოსაზრებებით და არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს.
"საელჩო თხოვს საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანონ სააკაშვილი ევროპის ან აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით",- წერს კასიანოვი.
უკრაინის წარმომადგენელი საქართველოში მყოფი უკრაინელი დევნილების საკითხზეც წერს და ხაზს უსვამს იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც უკრაინის მოქალაქეები სხვადასხვა ჯგუფისგან იღებენ.
კასიანოვის თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან ამავე წლის ნოემბრამდე პერიოდში ქვეყანაში სულ 182 ათასი უკრაინელი შემოვიდა, თუმცა მათმა უმეტესებამ საქართველო ტრანზიტულ პუნქტად გამოიყენა. კასიანოვი აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინებისა და ფასების ზრდის ფონზე უკრაინელი მოქალაქეებისთვის საცხოვრებლის ქირა და ქვეყანაში გრძელი ვადით დარჩენა მიუწვდომელია.
"მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ურთიერთობებში გაცილებით უფრო მეტი პოზიტივია. უპირველესად უნდა ვახსენოთ ქარველი მოხალისეები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძვიან. უკვე 36 ქართველი გმირი დაიღუპა უკრაინისა და საქართველოს დასაცავად საერთო ვერაგი მტრისგან. მათი გამარჯვებები და სიმამაცე სამუდამოდ დარჩება უკრაინელთა ხსოვნაში",- ნათქვამია სტატიაში.
კასიანოვი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არ არის სხვაობები საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოკუპაციის საკითხთან მიმართებით. კასიანოვი ახსენებს ქართულ სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნას, რომლებში 1,500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი ისწავლის.
კასიანოვი ასევე ხაზს უსვამს, ჰუმანიტარულ დახმარებასაც - "2022 წლის ყველაზე რთულ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს თანამოქალაქეებს გამოუყო უფასო საცხოვრებელი ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში. ხოლო აგვისტოდან მოყოლებული საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, ყველაზე მოწყვლადი უკრაინელების დაფინანსების მექანიზმი".
კასიანოვი წერს, რომ სამშენებლო კომპანია არქი უკრაინელი დევნილებისთვის მცირე დასახლებების მშენბლობას და მათი სოციალური უზრუნველყოფის მხარდაჭერას გეგმავს.
"ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ დახმარებისა, რომელიც საქართველოში ყველა მხრიდან მოდის. როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის, კულტურის სფეროს, რიგითი მოქალაქეებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან",- აღნიშნავს კასიანოვი.
ავტორის თქმით, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა წრეებისგან, ერთობლივად, უკრაინამ 1,120 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო. უკრაინის დროებითი წარმომადგენელმა ცალკე გამოჰყო ორგანიზაცია "გააზიარე სინათლეს" ინიციატივა, რომლის შედეგადაც, უკრაინას 470 გენერატორი გადაეცა.
კასიანოვი გამოყოფს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ მაღალი ძაბვის გენერატორს, რომლებიც ამ დროისთვის კიევში, ლვივში, ხარკივში, მიკოლაივსა და ჰოსტომელში გამოიყენება.
"რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ მკაფიოდ გამოაჩინა, რომ საერთო მტერს, რომელსაც მიტაცებული აქვს ორივე ქვეყნის ტერიტორიები სოლიდარობით და საერთო მხარდაჭერით უნდა დავუპირისპირდეთ. მტერზე სრულ და გარდაუვალ გამარჯვებამდე გუთანხმოებები და კამათი უნდა გადავდოთ".