ხორვატიის პრემიერი: ვწყვეტ კონტაქტს ქვეყნის პრორუს პრეზიდენტთან

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ კონტაქტს პრორუს პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს მილანოვიჩთან შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში. მისი თქმით, მას არ სურს "დრო დაკარგოს და ჰქონდეს ფიზიკური კონტაქტი იმ ადამიანთან, ვისაც შეუძლია პოლიტიკურ პარტიას, მთავრობას და ბევრ ჩვენგანს ინდივიდუალურად მოექცეს ასეთი ვულგარული და აღმაშფოთებელი ფორმით".

მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მილანოვიჩმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პარტია ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან იყო დაკავშირებული.

პრემიერმა მილანოვიჩს მანიპულატორი, ვანდალი და "პრორუსული შეხედულებების მქონე პიროვნება" უწოდა.

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი უკრაინაზე მისი განცხადებების გამო ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. 2022 წლის 25 იანვარს მან თქვა, რომ უკრაინა მზად არ არის ნატოს წევრობისთვის, რადგან ქვეყანაში კორუფციაა და რუსეთის ულტიმატუმი ნატოს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს.

გარდა ამისა, მილანოვიჩმა 2014 წლის ევრომაიდნის რევოლუციას "სახელმწიფო გადატრიალება" უწოდა.

 

 

მსგავსი სიახლეები