კიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამანადგურებლებს მოითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდება.
"წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრიორიტეტულ თემებზე ვისაუბრებთ. მთავარია შორი დისტანციის რაკეტების და საბრძოლო თვითმფრინავების გადმოცემა, რადგან თვითმფრინავი არის იარაღის ბოლო სახეობა, რომელიც ჯერ კიდევ დაბლოკილია. ყველა სხვა სახეობაზე ტაბუ ჩვენ გასულ წელს, გუნდური ძალისხმევით, მოვხსენით. ასევე ვისაუბრებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე და ზოგადად რუსეთის მომავალზე." - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, კიევისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გამანადგურებლები გადაეცემა პირველად.
"ფუნდამენტურია ტაბუს მოხსნა და თვითმფრინავების პირველი ესკადრონის მიღება. შემდეგ, ბაზარზე ხელმისაწვდომობისა და სერვისის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვეტთ, რომელ მოდელზე დავდოთ ძირითადი ფსონი", - განმარტა მინისტრმა და დასავლეთის ქვეყნების ეჭვებს "ფსიქოლოგიური ბარიერები" უწოდა.