კიევში მყოფმა ორბანმა ზელენსკის შესთავაზა იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე

კიევში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე ფრონტის არსებული ხაზების პირობებში. 

ორბანის თქმით, ის არ ეწინააღმდეგება ომის შეწყვეტის უკრაინულ გეგმას, თუმცა მისი აზრით, ამის მიღწევა საერთაშორისო დიპლომატიის წესების გამო უკიდურესად რთული მისაღწევი იქნება და პროცესი გაჭიანურდება. 

"სწორედ ამიტომ, მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს იფიქროს ხომ არ არსებობს სხვა გზა: შევაჩეროთ ომი და შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების პროცესს" - განაცხადა ორბანმა. 

ამასთანავე ორბანმა დასძინა, რომ მოისმინა უკრაინელი პრეზიდენტის არგუმენტებიც - "ძალიან მადლიერი ვარ ბატონი პრეზიდენტის მისი გულწრფელი აზრისთვის ამ საკითხზე."

თავად ვოლოდიმირ ზელენსკის ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგის მიერ გაჟღერებულ იდეაზე არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის შეთავაზებებს შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტზე. 

"ეს იმის ნიშანია, რომ უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი მშვიდობას" - აღნიშნა ზელენსკიმ. 

კონტექსტი 

ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში. პრემიერმა ვიზიტი ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდის დაწყებას დაუკავშირა.

შეხვედრაზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყნებმა უკვე მუშაობენ ორმხრივი ხელშეკრულების საკითხებზე. ასევე განიხილეს ეთნიკური უმციროსობებისა და სკოლების გახსნის საკითხი. 

 

მსგავსი სიახლეები