კიევში პრეზიდენტ ზელენსკის თანაშემწის ავტომობილს ესროლეს
პრეზიდენტ ზელენსკის თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს კიევის ოლქის სოფელ ლესნიკში ავტომატიდან ესროლეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
პოლიტიკოსი ცოცხალია და არცერთი ტყვია არ მოხვედრია, ხოლო მისი მძღოლი ფეხში დაიჭრა. შეფირის ავტომობილი დაჯავშნილი არ არის.
თავდასხმის მომენტში შეფირი სოფლიდან, სადაც სახლი აქვს, დედაქალაქში მიდიოდა.
2020 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეფირი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობა.