კირბი: უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ

ამერიკული კასეტური ჭურვები უკვე უკრაინის ბრძოლის ველზეა. ეს ინფორმაცია მედიას თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ დაუდასტურა.
კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას სათანადოდ იყენებენ და ეს გავლენას ახდენს რუსეთის თავდაცვით დაჯგუფებებზე და რუსეთის თავდაცვით მანევრირებაზე.
"უკრაინელებისგან პირველადი გამოხმაურება მივიღეთ და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას." - თქვა მან.
20 ივლისს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს კასეტური საბრძოლო მასალის რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოყენება.
კონტექსტი
7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ ბომბებსაც მოიცავს.
13 ივლისს ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო კასეტური ჭურვები.
მოგვიანებით პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კასეტური ბომბები უკვე მიაწოდა.
11 ივლისს, NBC-სთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს დეფიციტის შესავსებად აწვდის, რადგან საბრძოლო მასალის მსოფლიო რეზერვები ამოწურვადია.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები ჩვეულებრივი იარაღის წარმოების სიმძლავრის ზრდაზე მუშაობენ, მაგრამ "იქნება დროში სხვაობა, ამ საბრძოლო მასალის ამოწურვასა და ახალი საბრძოლო მასალის ბრძოლაში ჩართვას შორის." კასეტური საბრძოლო მასალა კი ამ პერიოდში დეფიციტს შეავსებს.