კლიჩკო: რუსეთთან ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
ამის შესახებ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა ციტირებს კლიჩკოს სიტყვებს ზელენსკის შესახებ, სადაც ის უკრაინის მომავალზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ისევე, როგორც ომი მომდევნო წლებში, ტერიტორიული კომპრომისები, მარტივი არ იქნება.
დედაქალაქის მერს ასევე მიაჩნია, რომ ზელენსკიმ შესაძლოა რეფერენდუმს მიმართოს, რათა ხალხს ჰკითხოს რუსებისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ.
"მომავალი თვეები ძალიან რთული იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, მოუწევს თუ არა მას ომის გაგრძელება ახალი მსხვერპლით და ნგრევით, თუ განიხილავს პუტინთან ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობას? და თუ ასეა, რა ზეწოლა იქნება ამერიკიდან, თუ ტრამპი გაიმარჯვებს? და როგორ ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებსაც ჩვენი ათასობით გმირის სიცოცხლეს ემსხვერპლა?
რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი რისკავს პოლიტიკურ თვითმკვლელობას. მართალი გითხრათ, ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება კიდევ ორი წელი რომ მოგვიწიოს ბრძოლა.
მას მოუწევს რეფერენდუმის ჩატარება. არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა დამოუკიდებლად, სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე.
გამოსავალი იქნება ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორიც ისრაელში მოხდა 7 ოქტომბერს, ჰამასის თავდასხმის შემდეგ. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის დათმოს მის ხელში ცენტრალიზებული ძალაუფლება." - აღნიშნა კიევის მერმა.
კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ ომის დროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაატერებას მხარს არ უჭერს.
ის ასევე უშვებს, რომ დონალდ ტრამპმა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა შეცვალოს თავისი რიტორიკა უკრაინის მიმართ.