კოენი: ისრაელი ირანში ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებდა

მოსადის ყოფილმა ხელმძღვანელმა იოსი კოენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელმა "უამრავი ოპერაცია" ჩაატარა ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, როდესაც ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მისი გამოსვლის ტექსტს Times of Israel ავრცელებს.

შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებაზე ინგლისურად გამოსვლისას, რომელზეც პირველი სიონისტური კონგრესის 125 წლისთავი აღინიშნა, კოენმა ასევე ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმება გააკრიტიკა.

"მოსადის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას უამრავი ოპერაცია ჩავატარეთ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ", - თქვა მან.

"დეტალების გარეშე, შემიძლია გითხრათ, რომ მოსადს ბევრი წარმატება ჰქონდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან ბრძოლაში", - თქვა კოენმა. "ჩვენ ვმოქმედებდით მთელ მსოფლიოში და თავად ირანის მიწაზე, აიათოლაების შუაგულში".

მან ირანის ბირთვული ფაილების მოპოვების ოპერაციაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, "ნათელი მტკიცებულებაა", რომ თეირანი ატყუებდა მსოფლიოს თავისი ატომური პროგრამის სამხედრო განზომილებაზე.

მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებზე საუბრისას, კოენმა თქვა, რომ ისრაელი "გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა", რათა ირანმა არ მიეღოს ბირთვული იარაღი, თუ შეთანხმებას ხელი მოეწერება.

"ჩვენ ვერასოდეს დავუშვებთ, რომ რეჟიმმა, რომელიც ჩვენს განადგურებას ითხოვს, ბირთვულ ღილაკს ხელი დააჭიროს," - თქვა მან.

"ირანი ცდილობს ალყა შემოარტყას ისრაელს, სამხრეთით ღაზადან ლიბანამდე და ჩრდილოეთით სირიამდე. ის აფინანსებს, ამზადებს და აიარაღებს ტერორისტულ ჯგუფებს, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, რაც მათ საშუალებას აძლევს ათასობით რაკეტა ესროლონ ისრაელის მოსახლეობას", - თქვა კოენმა.

მსგავსი სიახლეები