კოლონა: საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
საფრანგეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი "სწრაფი პროცედურით" მიიღოს. ამის შესახებ 30 მაისს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ უკრაინამ გაიაროს სწრაფი პროცედურა. უკრაინამ გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. ეს არის ლეგიტიმური განაცხადი. ივნისის ბოლოს ამ განაცხადს სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ. უახლოეს დღეებში, ივნისის შუა რიცხვებში იქნება ევროკომისიის საექსპერტო დასკვნა. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს დასკვნა, მაგრამ ჩვენ ყველა ვმუშაობთ, რომ იყოს ერთსულოვნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ყველა კრიტერიუმიდან და მკაფიო პირობიდან გამომდინარე, ამ განცხადებას მივიღებთ ევროკომისიის დასკვნის მიხედვით." - თქვა კოლონამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საფრანგეთი და სხვა გავლენიანი ევროპული სახელმწიფოები ლიდერობას გამოავლენენ.
კოლონა უკრაინაში ვიზიტით 30 მაისს ჩავიდა. ის ბუჩას ეწვია, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს და რომელიც აპრილის დასაწყისში განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან.
კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე კოლონამ განაცხადა, რომ უკრაინა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar-ის ახალ პარტიას მიიღებს.