კონგრესმენების ვიზიტის პარალელურად ჩინეთი ტაივანთან ახლოს სამხედრო წვრთნებს ატარებს

 

ჩინეთის შეიარაღებული ძალების ტაივანთან ახლოს ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

წვრთნების პარალელურად ტაიპეიში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი მიმდინარეობს.

ტაივანის სრუტეში ჩინეთის არმიის აღმოსავლეთის სარდლობის მიერ ჩატარებული წვრთნები „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას“ ემსახურება, წერია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეიარაღებული ძალების გააქტიურება „ტაივანის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების არაკორექტულმა გამონათქვამებმა და ქმედებებმა“ გამოიწვია, რომლებიც კუნძულის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, ტაივანზე კონგრესის დელეგაციის ვიზიტი „ჩვეულებრივი მოვლენაა“ და აშშ-ს ტაივანის მიმართ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

კონგრესმენების ვიზიტის ხანგრძლივობა და დეტალები არ გასაჯაროებულა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი ტაივანში ამერიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. ინსტიტუტი კუნძულზე არაოფიციალურად აშშ-ს საელჩოს ფუნქციებს ითავსებს.

 


პეკინსა და ტაიპეის შორის ურთიერთობა უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით დაიძაბა. ჩინეთის ავიაცია ტაივანის საჰაერო ზონებში ინტენსიურ ფრენებს ახორციელებს, რაც კუნძულის მთავრობას აფიქრებინებს, რომ პეკინი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.

 

 

მსგავსი სიახლეები