ბაიდენი: ტაივანის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა „ურყევია“

 

აღმოსავლეთ აზიის სამიტზე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ „შეშფოთებულია ტაივანის მიმართ ჩინეთის ძალისმიერი ქმედებებით“ და კუნძულოვან მოკავშირეს „უდრეკი“ მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩინეთის ქმედებები რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - უთხრა ბაიდენმა ონლაინ-სამიტზე შეკრებილ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 ქვეყნის წარმომადგენელს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვაშინგტონი წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონში  ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პლატფორმაზე მუშაობას სულ მალე შეუდგება.

სამიტს ასევე ესწრებოდა ჩინეთის პრემიერმინისტრი ლი კეციანი, რომელმაც რეგიონში სტაბილურობასა და ნაოსნობის თავისუფლებას გაუსვა ხაზი.

„სამხრეთ ჩინეთის ზღვა ჩვენი საერთო სახლია“ - განაცხადა კეციანმა.

ბოლო დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვა ამერიკულ-ჩინური დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. ჩინეთმა ტაივანზე, რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, პოლიტიკური და სამხედრო წნეხი გააორმაგა.          

1949 წლის ჩინეთის რევოლუციის შემდეგ ტაივანი რეგიონში აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება. 1979 წელს კონგრესის მიერ მიღებული ტაივანის დაცვის აქტი ამერიკას ტაივანზე ჩინური აგრესიის შემთხვევაში კუნძულის მთავრობის მხარდაჭერას ავალდებულებს.

მსგავსი სიახლეები