23 მოკავშირე ქვეყანა უკრაინას €1.5 მილიარდით დაეხმარება
დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აგვისტოს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში უკრაინის მოკავშირეების დონორთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას, როგორც სამინისტრო Twitter-ზე აცხადებს, 26 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ის უკრაინის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით გაიმართა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ჩამოთვალა სხვა ქვეყნები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ფორმატს: ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, საქართველო, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, სლოვენია და კანადა.
რუმინეთის ელჩმა კოპენჰაგენში ალექსანდრუ გრადინარმა დააკონკრეტა, რომ შეხვედრას თავდაცვის 23 მინისტრი დაესწრო.
"მათ ყველაზე მკაცრად დაგმეს რუსეთის სისასტიკე და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი მკვლელობა და გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ისინი შეთანხმდნენ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მუდმივი და უწყვეტი სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობაზე", - განაცხადა დანიის თავდაცვის სამინისტრომ.
კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბრძოლის ველად აქცია. ასევე პრეზიდენტმა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
დანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დონორები უკრაინისთვის 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.