კოსოვოში დაძაბულობის გამო, სერბეთმა ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის არმია სრულ მზადყოფნაზე გადაიყვანა და მის ქვედანაყოფებს კოსოვოს საზღვართან მიახლოების ბრძანება მისცა. ამის შესახებ 26 მაისს Reuters წერს.
"გავეცი ბრძანება სასწრაფოდ გადაეყვანათ (ჯარი - რედ.) კოსოვოს საზღვარზე", - განაცხადა ვითარების შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა.
მანამდე, ეთნიკური სერბების მცირე ჯგუფებსა და პოლიციას შორის ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკება მოხდა. მოქალაქეები ცდილობდნენ მუნიციპალური შენობების შესასვლელები გადაეკეტათ, რათა ახლად არჩეული ოფიციალური პირები არ შეეშვათ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და პროტესტანტებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს.
კოსოვოს ჩრდილოეთში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც 25 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალმა ხელმძღვანელებმა - ეთნიკურად კოსოვოელმა ალბანელებმა ფიცი დადეს.
კონტექსტი
სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტი 2022 წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ გადაწყვიტა სერბეთის მოქალაქეებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება და სერბულ უმცირესობას ძველი სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა მოსთხოვა. პროტესტის ნიშნად კოსოვოელმა სერბებმა ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი წესების შემოღება გადადო.
დეკემბრის შუა რიცხვებში კოსოვომ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. სერბეთმა ეს ჯერ კიდევ 2009 წელს გააკეთა. მედიის ცნობით, დასავლეთმა ორივე ქვეყანას განუცხადა, რომ მათი ევროინტეგრაციის პერსპექტივები პირდაპირ არის დამოკიდებული კონფლიქტის მოგვარების წარმატებაზე.