ჩინეთი მხარს უჭერს „ნატოს მიერ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების“ მიცემას

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის მოთხოვნას, რომ „რუსეთმა დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს“, - აცხადებს კრემლი.

ორი ქვეყნის ლიდერმა გუშინ ონლაინ-შეხვედრა გამართა.

„ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - უთხრა პუტინმა სი ძინფინგს.

ჩინური მხარე „სრულად იზიარებს ჩვენს შეშფოთებას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მრჩეველმა იური უშაკოვმა.

შეხვედრაზე სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით ბევრი ცდილობს რუსეთის და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას“.

 


უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური მობილიზაციის შემდეგ დასავლური სადაზვერვო უწყებები კრემლის მიერ სამხედრო ინტერვენციის საფრთხეზე საუბრობენ.

მოსკოვი აცხადებს, რომ ვითარების დეესკალაციისთვის დასავლეთმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ ნატო საქართველოს და უკრაინას საკუთარ რიგებში არ მიიღებს და ამ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურას არ განათავსებს.

ბოლო წლებში ჩინეთმა და რუსეთმა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააძლიერეს.

დასავლეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური უიღურების რეპრესიის გამო დასავლეთში ბევრი განიხილავს პეკინისთვის სანქციების შემოღებას.

მსგავსი სიახლეები