კრუტისთან ბრძოლაში უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის 200 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის რაიონში, კრუტის მახლობლად გამართულ ბრძოლაში რუსეთის ჯარები დაამარცხეს. ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების პრესცენტრმა 2 მარტს განაცხადა.
"1 მარტს, ჩერნიგოვის ოლქში, კრუტის მახლობლად მოხდა ბრძოლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ტერიტორიულ თავდაცვას და რუსეთის არმიას შორის. დასახლების მცხოვრებლების თქმით, ბრძოლის შემდეგ თითქმის 200 დაღუპული რუსი ჯარისკაცის და ოფიცრის ცხედარი აღმოაჩინეს. 104 წლის შემდეგ უკრაინელები და რუსები ამ ადგილას კვლავ იბრძოდნენ. ამჯერად რუსეთის არმიამ აქ განსაცვიფრებელი მარცხი განიცადა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
1918 წელს, კრუტისთან, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დაახლოებით 400 მებრძოლი ბოლშევიკური არმიის შეტევას კიევზე ოთხი დღის განმავლობაში აჩერებდა. უკრაინაში კრუტის მახლობლად გამართული ბრძოლის წლისთავი 29 იანვარს აღინიშნება.