კუჩმა, იუშჩენკო და პოროშენკო მსოფლიოს აზოვსტალის ევაკუაციაში დახმარებას სთხოვენ
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ მსოფლიო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს დაეხმარონ უკრაინას დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის ევაკუაციის ორგანიზებაში. პოროშენკომ მიმართვის ტექსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 13 მაისს გამოაქვეყნა.
უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტებმა მიმართეს მსოფლიოს ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, შეერთებული შტატების, კანადის, ჩინეთის, თურქეთის და სხვა სახელმწიფოების, ასევე გაეროს ლიდერებს.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა არსებული დიპლომატიური რესურსით დავეხმაროთ უკრაინის ხელისუფლებას, გადაარჩინოს უკრაინელების სიცოცხლე, რომელთა განადგურებასაც რუსეთი, პუტინის ბრძანებით, ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს. რაშისტების ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია. მარიუპოლი თითქმის მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, რომელიც ახლა ცდილობს თავისი დანაშაულის კვალი დამალოს", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტებმა აღნიშნეს უკრაინელი ჯარისკაცების არაჩვეულებრივი სიმამაცე და გმირობა - "ქალაქის დამცველებმა გააოცეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო".
"აზოვის ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო ღვაწლი უპრეცედენტოა და ისინი ჩვენი ეროვნული გმირები არიან - თავგანწირული, მამაცი, პატრიოტები." - აცხადებენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები.
საკუთარი სახელით პოროშენკომ აღნიშნა, რომ "თუ მოლაპარაკებათა ჯგუფი საჭიროდ ჩათვლის", ის მზადაა უკრაინის და სხვა სახელმწიფოების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდეს აზოვსტალის დამცველების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს და "პირადად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში".