კულება: უკრაინა და თურქეთი "მარცვლეულის შეთანხმების" აღდგენის მიდგომებს იზიარებენ
უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დმიტრო კულებამ და ჰაკან ფიდანმა პარასკევს მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებთან ერთად, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მუშაობის განახლება განიხილეს.
ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
კულებას თქმით, მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა თურქ კოლეგასთან მოლაპარაკების "ერთ-ერთი მთავარი თემა" იყო.
"აქ გვაქვს საერთო მიდგომა: ჩვენ ვმუშაობთ, ყველა ღონეს ვხმარობთ ამ ინიციატივის ფუნქციონირების აღსადგენად," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე, კულებამ აღნიშნა, რომ ფიდანთან განიხილა თურქეთის მონაწილეობა "მშვიდობის ფორმულაში," თურქული კომპანიების მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში და უკრაინის ნატოში შესვლის თემა.
"თურქეთი ჩვენთვის ნატოს განსაკუთრებული წევრია და ის განსაკუთრებულია თავად ნატოსთვის," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის, რათა არ დავკარგოთ გასული თვეების მიღწევები და გავაგრძელებთ დიალოგს ამ საკითხზე."
17 ივლისს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების შეჩერება გამოაცხადა და მხარეებს "რისკებით" დაემუქრა, თუ გადაწყვეტენ ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ. გარდა ამისა, მოსკოვმა ოდესისა და დუნაის პორტების საპორტო ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვა დაიწყო.