კუპიანსკის რაიონში იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა - ამ ფრონტზე რუსეთი უტევს
ხარკივის ადგილობრივმა მთავრობამ კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებაში იძულებითი ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
სამხედრო ადმინისტრაციის განმარტებით ევაკუაციას დაექვემდებარებიან ფრონტისპირა რაიონებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ხშირად იბომბება.
უშუალოდ ქალაქ კუპიანსკიდან ევაკუაციის დაწყების შესახებ ჯერჯერობით არაფერი თქმულა.
იძულებითი ევაკუაციის დაწყებას წინ უძღოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის განცხადება - მისი თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტებს მოცულობითი "დამრტყმელი მუშტი" აქვთ შეკრული და მათი მიზანი ფრონტის გარღვევაა.
სირსკის თქმით, ამ მონაკვეთზე ოკუპანტების 100 ათასიანი დაჯგუფებაა მობილიზებული და მათი მიზანი ქალაქ კუპიანსკის დაკავებაა. სირსკის თქმით, უკრაინის თავდაცვითი ზღუდეები ამ რაიონებში მყარია.
კონტექსტი
უკვე რამდენიმე კვირაა ოკუპანტები ხარკივის ოლქში მასშტაბურ იერიშის აწარმოებენ. კამპანიის ფარგლებში რუსეთის არმიამ რამდენიმე სოფლის დაკავებაც მოახერხა. მძიმე მდგომარეობაა სერებრიანის ტყეში, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
უშუალოდ ქალაქ კუპიანსკიდან რუსეთის არმიას 10-15 კილომეტრი აშორებს.
ქალაქი კუპიანსკი რამდენიმე მსხვილ ქალაქთან ერთად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის შემოდგომაზე ხარკივის კონტრიერიშის ფარგლებში გაათავისუფლეს.