კურსკის გასამაგრებლად რუსეთს რეზერვები ბელგოროდიდან და დონეცკიდან გადაჰყავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია სუჯის რაიონისკენ მიმავალ სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის რეზერვები. კადრში გამოჩენილი მანქანების სანომრე ნიშნებითა და ამომცნობი ნიშნების მიხედვით, კურსკისკენ მიმავალი რეზერვები რუსეთმა ბელგოროდისა და დონეცკის ოლქიდან მოხსნა. 

დონეცკის ფრონტიდან რეზერვების გადმოსროლის იძულება სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინის მიერ კურსკის ოლქში წამოწყებული იერიშის ერთ-ერთ მთავარ მიზანია. 

ვიდეო კადრების ანალიზის მიხედვით, სწორედ ბელგოროდიდან მოდიოდა ცოცხალი ძალითა და საბრძოლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილების კოლონა, რომელიც ЗСУ-ს ზუსტი საარტილერიო დარტყმის შედეგად გაანადგურა. 

გარდა ამისა, კურსკისკენ გადაისროლეს ე.წ. ДНР-ის დროშის ქვეშ მეომარი ბატალიონი პიატანშკა, რომელიც ამ დრომდე დონეცკის ოლქში მოქმედებდა. საყურადღებოა, რომ ბატალიონის მეთაური, აფხაზი სეპარატისტი, ახრა ავიძბაა. პიატნაშკა რაზმები გასულ თვეებში ჩასოვ იართან შენიშნეს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანს კურსკის ოლქში შემავალი სამხედრო ტექნიკა, რომელიც ქალაქ ბელგოროდის მხრიდან მოძრაობს. ამაზე მიუთითებს მაგისტრალის საგზაო ნიშანი "М2 Крым."

სხვა კადრებზე ასევე ჩანს სტელა კურსკის შესასვლელში და საგზაო პოლიციის პოსტი, აქედან ირკვევა, რომ კოლონამ გადაუხვია M2 მაგისტრალიდან ე.წ. ევროპის მარშრუტამდე - ეს გზა მიემართება როგორც ქალაქ სუჯასკენ, ასევე ლგოვის და რილსკის რაიონულ ცენტრამდე, რომლებიც უკრაინული არმიის იერიშის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებებია. გადაღების ადგილიდან ქალაქ სუჯამდე დაახლოებით 100 კილომეტრია. 

კადრებზე ჩანს სპეციალურ პლატფორმაზე მდგომის МТ-ЛБ-ის ტიპის საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა, Град-ის ტიპის რეაქტიული საცეცხლე დანადგარით. გარდა ამისა, კადრში ჩანს 152 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგრები. 

რაც შეეხება უკრაინელთა მიერ განადგურებულ კოლონას რადიო თავისუფლების OSINT ანალიტიკოსის მარკ კრუტოვის ცნობით, აღნიშნული დანაყოფები ე.წ. საზღვრის გამაგრების სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა. თავის მხრივ ეს დანაყოფი კი ჯარების ჩრდილოეთ სარდლობის ნაწილია - ჯარების სწორედ ეს დაჯგუფება აწარმოებს საომარ მოქმედებებს ხარკივის ოლქში მიმდინარე წლის მაისიდან. 

 

 

მსგავსი სიახლეები