კურსკთან განადგურებულია ოკუპანტების კოლონა, ლიკვიდირებულია 1 ბატალიონი

გასული ღამით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია საოკუპაციო არმიის სამხედრო კოლონა - სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია ასობით რუსი ჯარისკაცი. 

რუსული სამხედრო კოლონა დარტყმის ქვეშ რაიონულ ცენტრთან რილსკის მახლობლად მოხვდა - ეს უკრაინის არმიის შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, კოლონა რუსეთის არმიის რეზერვებს განეკუთვნებოდა, რომელიც ხელმძღვანელობამ კურსკის ოლქში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გადაისროლა. 

კოლონა ძირითადად სატვირთო ავტომობილებისგან შედგებოდა, რომელსაც საბრძოლო მასალა და ცოცხალი ძალა გადაჰყავდა - დარტყმის შედეგად ისმოდა განმეორებითი აფეთქებები, რაც მაღალი ალბათობით საბრძოლო მასალის დეტონაციას უკავშირდებოდა. 

მალევე გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეოები, OSINT ანალიტიკოსების ცნობით, შემთხვევა სოფელ ოქტიაბრსკოესთან, რილსკიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მოხდა. 

გავცრცელებულ ვიდეობზე ჩანს დამწვარი და დაზიანებული რამდენიმე სატვირთო ავტომობილი, ასევე შედარებით მსუბუქად დაზიანებულები, რომელთა სატვირთო განყოფილებაში ათობით ცხედარია. 

რუსი სამხედრო ანალიტიკოსის, იან მატვეევის ცნობით, დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია დაახლოებით 1 ბატალიონი "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და მასირებული დარტყმა მთელი ომის განმავლობაში."

რუსული წყაროების ცნობით, დარტყმა HIMARS-ის სისტემით განხორციელდა, თუმცა ამის შესახებ დადასტურებული ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს. 

შემთხვევამ რუსი Z-ბლოგერების კატეგორიული უკმაყოფილება გამოიწვია. "კოლონებით გადაადგილება დახვრეტით უნდა ისჯებოდეს, ვინ გასცა კოლონით გადაადგილების ბრძანება, დრონების დაკვირვებისა და HIMARS-ის წვდომის ზონაში, ვინც ესეთი ბრძანება გასცა ის საომარი დროის კანონებით უნდა გაასამართლონ"- წერს Z-ბლოგერი, ბორის როჟინი. 

"ნუ რამდენჯერ შეიძლება, ვიღაცას აშკარად აქვს განსაკუთრებული სიყვარული კოლონების მიმართ"- წერს იური პოდოლიაკა, რომელსაც ტელეგრამ 3 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მოქალაქე, რომელმაც განადგურებული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო - ეს შემთხვევის შესახებ ინტერნეტში გავრცელებული პირველი კადრები იყო. 

 

მსგავსი სიახლეები