"კურსკში შეჭრა ზელენსკის ყველაზე სარისკო გადაწყვტილებაა" - მაიკ კლარკის ანალიზი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში დედაქალაქში დარჩენის შემდეგ კურსკში წამოწყებული იერიში უკრაინელი პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და სარისკო გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ The Times-ში გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში Kings College-ის მოწვეული პროფესორი და RUSI-ის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კლარკი წერს.
კლარკი აღნიშნავს, რომ ის რაც თავდაპირველად ანტი-პუტინისტური ძალების ხმაურიან სამხედრო ბრავადად გამოიყურებოდა სინამდვილეში კიევის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რომლის წარმატებაც კიევს დისპროპორციულ ბენეფიტებს მოუტანს ფრონტის სხვა მიმართულებებსა და საერთაშორისო არენაზე.
კლარკის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში გენერლებს ზაფხულის იერიშის გეგმას სთხოვდა, თუმცა სამხედრო მეთაურები ცოცხალი ძალის დეფიციტიდან გამომდინარე თავს იკავებდნენ.
"ზელენსკის სურს შეცვალოს აღქმა, რომ უკრაინა ომში მარცხდება. უკრაინის წარმატებები შავი ზღვის აუზში და წარმატებული დარტყმები ყირიმზე ვერ იქცევს მსოფლიოს ყურადღებას, იმ ფონზე როდესაც უმცირესობაში მყოფი უკრაინული არმია სულ უფრო უკან იხევს აღმოსავლეთის ფრონტზე"- წერს კლარკი.
კურსკში დაწყებული იერიშით ზელენსკი ამ დინამიკის შეცვლას ცდილობს - "ეს სტრატეგიული სამხედრო არჩევანი მისი სტილია: მკვეთრი და სარისკო."
კლარკის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს არმიის პირველი შეჭრის შედეგებთან გამკლავება კრემლისთვის მარტივი არ იქნება.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ კურსკის იერიშის ფარგლებში გადაიკვეთა დასავლეთის მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული მორიგი შეზღუდვა და უკრაინა თავისუფლად იყენებს დასავლურ შეიარაღებას რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე.
კლარკის თქმით, დასავლელი მოკავშირეები არ მისცემდნენ მსგავს ნებართვას კიევში იმ შემთხვევაში ოპერაციის შესახებ წინასწარ, რომ სცოდნოდათ.
"გეგმა სარისკოა, მაგრამ მოსკოვს არ აქვს არჩევანი - კრემლი იძულებულია ნებისმიერ ფასად უკუაგდოს უკრაინული დანაყოფები საკუთარი ტერიტორიიდან."
კლარკი კურსკის იერიში კორეის ომის დროს აშშ-ს და მოკავშირეების მიერ ინჩონის იერიშს ადარებს, რომლის მიზანიც სამხედრო დაპირისპირების მიმდინარეობის ფუნდამენტური გარდატეხა იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ კურსკში ЗСУ-ს იერიშს უფრო შეზღუდული მიზნების მიღწევა შეუძლია.
"პოლიტიკური მიზნების გარდა კურსკის იერიშით უკრაინის ლიდერები ცდილობენ რუსეთი ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან კარგად აღჭურვილი და მომზადებული დანაყოფები გადასროლა აიძულონ. მათ შორის ჩასოვ იარისა და პოკროვსკის მიმართულებებიდან, სადაც უკრაინის არმია კრიზისს განიცდის."
კლარკის აზრით, კურსკის ოლქში უკრაინული დანაყოფების მაქსიმალური მიზანი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაკავება იქნება - რუსეთის მიერ 2022 წელს ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის საპირწონედ.
"მაგრამ ყველა ეს მიზანი დამოკიდებული იქნება რამდენი ხანი და როგორ შეინარჩუნებს უკრაინული არმია კურსკში დაკავებულ პოზიციებს."
კლარკის შეფასებით, პირველადი ნიშნები და ოპერაციაში ჩართული ბრიგადების მომზადების და აღჭურვის ხარისხი მიუთითებს, რომ კიევს რეგიონში გრძელვადიანი გეგმები აქვს. სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით კურსკის ოპერაციაში ჯამურად 6000-დან 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობს.
კლარკის აზრით, უკრაინელთა მიერ ოპერაციაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, კერძოდ საინჟინრო მანქანები მიუთითებს, რომ ЗСУ კურსკში პოზიციური ბრძოლებისთვის ემზადება.
ამასთანავე კლარკი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთის ჯარების დაჯგუფების რიცხოვნება 50 ათასამდეა, რასაც რუსეთი აქამდე ხარკივის მიმართულებით მაისში დაწყებული იერიშის მოსამარაგებლად იყენებდა.
კლარკის შეფასებით პირველი დღეების განმავლობაში რუსეთის მოქმედედებები ნელი და ქაოტური იყო, თუმცა უკვე 10 აგვისტოს აღმოსავლეთ მიმართულებით ადგილი ჰქონდა მძიმე ბრძოლებს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ავიაცია.
"დროთა განმავლობაში რუსეთი იძულებული იქნება კურსკისკენ სულ უფრო დანაყოფი გაგზავნოს, რადგანაც უკრაინის მიერ კონტროლირებადი შვერილის არსებობა რუსეთის სიღრმეში პუტინისთვის მიუღებელია."
კლარკის თქმით, კურსკში მიმდინარე ოპერაციას არ შეუძლია ომის მსვლელობის ფუნდამენტურად გარდატეხა, ხოლო წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძვირი დაუჯდება რუსეთს კურსკის ოლქის ნაწილზე კონტროლის აღდგენა.
"თუ ბრძოლა ხანგრძლივი იქნება და ფასი მაღალი, კიევი ფრონტის სხვა მონაკვეთებზე დისპროპორციულ ბენეფიტებს მიიღებს"- წერს კლარკი.
ოპერაციის პოლიტიკური წარმატება კლარკის შეფასებით დამოკიდებული იქნება იმაზე შეუწყობს თუ არა ეს ფაქტორი ხელს პუტინის გარემოცვაში ეჭვის გაღვივებას მიმდინარე ომის ფასთან დაკავშირებით.
"პოლიტიკური ლიდერებს, რომლებსაც ხშირად არ აქვთ სამხედრო გამოცდილება ხშირად უწევთ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო გენერლები ცდილობენ საუკეთესოს ამოცანების მისაღწევად. რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი გუნდის წევრებთან კიევში გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად არ აპირებდა წასვლას და უკრაინა იბრძოლებდა - ეს მის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა მეორე ასეთი სტრატეგიული და ალბათ უფრო სარისკო გადაწყვეტილება მიიღო."