კვლავ გაურკვეველია რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა ლუჰანსკი და დონეცკი

ჯერჯერობით კვლავ არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, თუ რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერალურმა კრებამ მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინის განკარგულებას და სეპარატისტულ რეგიონებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების რატიფიცირებაც მოახდინა, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები და სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ პასუხობენ კითხვას, თუ რა საზღვრებში აღიარეს უკრაინის სეპარატისტული რეგიონები

კრემლის ვერსია 

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა სეპარატისტული რეგიონები იმ საზღვრებში აღიარეს, რომელშიც თავად ამ წარმონაქმნებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა 2014 წელს. 

დამატებით განმარტებებზე პესკოვმა უარი თქვა და განაცხადა, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს. 

МИД-ის ვერსია 

საგრძნობლად განსხვავებულია მომხდარის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებები, სადაც ამბობენ, რომ სეპარატისტული რესპუბლიკები აღიარეს იმ საზღვრებში, რომლებშიც ეს უკანასკნელი აღასრულებენ თავიანთ ძალაუფლებას და იურისდიქციას. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გულისხმობს მხოლოდ იმ საზღვრებს, რომელსაც ამ დროისთვის აკონტროლებენ პრორუსი ბოევიკები. 

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა, რომლის ცნობითაც დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება მოხდა ფაქტობრივ საზღვრებში. 

სამინისტროს გენერალური ხაზი გააგრძელა ლავროვის ერთ-ერთმა მოადგილემ ანდრეი რუდენკომაც. მისი თქმით, დონეცკი და ლუჰანსკი რუსეთმა აღიარა იმ საზღვრებში, რომლებშიც ამჟამად ხორციელდება მათი იურისდიქცია. 

დუმის დეპუტატების ვერსია და შს მინისტრის ვერსია

ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვნება ჯერ კიდევ სეპარატისტული რეგიონების აღიარებამდე წარმოიქმნა - პუტინის მოწვევით ჩატარებულ რუსეთის უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, შს მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა პუტინს მოუწოდა, რომ დონბასის რეგიონები თავის ისტორიულ, ადმინისტრაციულ საზღვრებში ეღიარებინა. 

"საჭიროა ვაღიაროთ ეს რესპუბლიკები იმ საზღვრებში, რომელიც დაფიქსირებულია 2014 წლამდე, მანამ სანამ კიევი ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპირებას მოახდენდა. საჭიროა ვაღიაროთ ეს ტერიტორიები დაწყებული მარიუპოლიდან და დამთავრებული სხვა ისტორიულ მიწებამდე", - თქვა კალაკოლცევმა. 

მოგვიანებით კალაკოლცევის ინიციატივას გამოეხმაურა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ცნობილი ბოლშევიკის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი, ვიაჩესლავ ნიკონოვი. 

დეპუტატის თქმით, არ არის გამორიცხული კრემლმა "დაჟინებული თხოვნით" მიმართოს ოფიციალურ კიევს, რათა მათ გაათავისუფლონ ეს ტერიტორიები.

"თუკი დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება მოხდება ადმინისტრაციულ საზღვრებში, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა უკრაინელი სამხედროების მიმართ გამოთქვას დაჟინებული თხოვნა, რათა ამ უკანასკნელებმა დატოვონ ტერიტორიები", - თქვა ნიკონოვმა.

დუმის დეპუტატის აზრით, ასეთ შემთხვევაში კიევი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. 

დღეს დილით, კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსი შინაარსის, მაგრამ უფრო პირდაპირი განცხადება გაავრცელა დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კომუნისტმა ლეონიდ კალაშნიკოვმა. 

კალაშნიკოვის თქმით, დუმაში შემოტანილ კანონპროექტში საზღვრები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მისი აზრით "დადგენილებაში სიტყვა სახელმწიფოებრიობა დაფუძნებულია ძველ და ერთადერთ ჭეშმარიტ რეფერენდუმზე [2014 წელი]."

ამავდროულად, კალაშნიკოვი ამბობს, რომ მართალია დღეს სეპარატისტული რესპუბლიკები ვერ აკონტროლებენ ამ ტერიტორიების უმეტესობას, თუმცა მათ დამოუკიდებლობა სწორედ ამ ფარგლებში სურთ.

მოგვიანებით კალაშნიკოვმა განმარტა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოჭრეს, თუმცა სტრატეგიული ბუნდოვანება ამის გარეშეც თვალსაჩინოა. 

კალაშნიკოვისგან განსხვავებული, მაგრამ საყურადღებო განცხადება გაავრცელა დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სვეტლანა ჟუროვამ. მისი თქმით, აღიარება მოხდა არსებულ საზღვრებში და ჯერჯერობით, არავინ აპირებს უფრო შორს წასვლას, რადგან ეს დამოკიდებული იქნება საერთაშორისო არენაზე შექმნილ ვითარებაზე. 

სეპარატისტების ვერსია 

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელეარხზე სტუმრობისას დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ მისი რესპუბლიკის საზღვრები ემთხვევა 2014 წლის, დონბასის საზღვრებს და შესაბამისად, აღიარებაც სწორედ ამ პირობებზე მოხდა. 

ამასთანავე პუშილინმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს პრობლემა და მომდევნო ნაბიჯების შესახებ მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი. 

იდენტური შინაარსის განცხადება გაავრცელა მეორე მარიონეტული რესპუბლიკის წარმომადგენელმაც. რადიონ მიროშნიკის თქმით, რომელიც მინსკის შეთანხმების სამუშაო ჯგუფში ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენელია, განაცხადა, რომ "რესპუბლიკა" 2014 წლის საზღვრების აღდგენას ესწრაფვის. 

როგორც სხვა წინა შემთხვევებში ამჯერადაც სეპარატისტები 2014 წელს ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ეყრდნობიან. 

რატომ არის მნიშვნელოვანი რა საზღვრებში მოხდა აღიარება

საზღვრების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა - საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის დონბასელი სეპარატისტები დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციული ტერიტორიის მხოლოდ მესამედს აკონტროლებენ. 

ამ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიის 2/3 უკრაინის ცენტრალური მთავრობის კონტროლ ქვეშაა. შესაბამისად, თუ რუსეთის დუმა მიიღებს დადგენილებას დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარების შესახებ, გამოდის რომ რუსეთის მიერ ახლად აღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიების დიდი ნაწილი უკრაინის მიერაა ოკუპირებული. 

ეს განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე საათის წინ დონბასში რუსეთმა ჯარები შეიყვანა. აღიარებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ აღიარება ფაქტობრივ, ანუ იმ საზღვრებში მოხდებოდა, რა ტერიტორიასაც სეპარატისტები დღევანდელი მდგომარეობით აკონტროლებენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები