ლატვიის საგარეო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა გამოძიებული იყოს დარღვევები
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების შესახებ. [არჩევნები] ჩატარდა შესამჩნევი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ქვეშ. ამავდროულად, განსაკუთრებით ვითარების გათვალისწინებით, ამ არჩევნებში ქართველი ხალხის დიდი ინტერესი - როგორც მაღალი აქტიურობა, ასევე ქართველი ხალხის ინტერესი [არჩევნების] მიმდინარეობასა და შედეგებში - მისასალმებელია.
დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს მოსაზრება არჩევნების წინა პერიოდსა და არჩევნების დღეს სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც მოიცავს ოპოზიციის დაშინებას, საარჩევნო პროცესში ჩარევას, ფართომასშტაბიანი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ამომრჩევლებზე წნეხსა და მათ დაშინებას, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის მასობრივ დაუცველობასა და სხვა სახის დარღვევებს.
ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მყისიერად მიიღოს ზომები, რათა გამოძიებული იყოს იდენტიფიცირებული დარღვევები და [მოუწოდებს], უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საარჩევნო პროცესებში ნდობა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას, გამოხატონ თავიანთი შეხედულება არჩევნებში, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. საარჩევნო შედეგებს შეფასება საქართველოს მოსახლეობამ უნდა მისცეს".