ლე პენი რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი რუსულ გაზსა და ნავთობზე ენერგოს გამოცხადებას ეწინააღმდეგება.
"რაც შეეხება სანქციებს [რუსეთზე] ენერგეტიკაში - არ მინდა რომ ფრანგებმა ამ გადაწყვეტილების ფასი თავის თავზე იწვნიონ. ვიცი, რა შედეგები მოჰყვება [რუსეთიდან გაზის ან ნავთობის იმპორტის შეჩერებას]", - განაცხადა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა France Inter-თან ინტერვიუში.
ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთზე დაწესებულ სხვა საერთაშორისო სანქციებს "არ ეწინააღმდეგება".
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ პარიზი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას მხარს უჭერს და ევროკავშირის ქვეყნებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი ნავთობზე მოთხოვნილების მეოთხედს და გაზის ორმოც პროცენტს რუსეთიდან იღებს.
24 აპრილს ეროვნული გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ ლიდერს, ემანუელ მაკრონს შეერკინება.