ლე პენის პარტიის ლიდერი მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემას

საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების გადაცემას, მაგრამ წინააღდეგია შორი მანძილის რაკეტების გადაცემისა და უკრაინაში ჯარების გაგზავნის. 

"ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და კვლავ მხარს ვუჭერ უკრაინას - ჩვენ უნდა გადავცეთ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება, საბრძოლო მასალა, მათ შორის უნდა გავუწიოთ ლოჯისტიკური და ოპერატიული მხარდაჭერა, მაგრამ პრეზიდენტ მაკრონისგან განსხვავებით უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგი ვარ. ეს წითელი ხაზია",- განაცხადა ბარდელამ. 

ამის შესახებ ლე პენის პარტიის ლიდერმა პარიზში შემოგარენში გამართული Eurosatory-ის შეიარაღების გამოფენაზე განაცხადა. 

კონტექსტი 

ეროვნულმა გაერთიანებამ გასულ კვირებში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ლე პენის პარტიამ პრეზიდენტ მაკრონის პარტიაზე ორჯერ მეტი ხმა აიღო. 

არჩევნების ღამესვე ბევრისთვის მოულოდნელად ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა. 

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2-ტურიანია და 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ლე პენის პარტიის კომფორტულ გამარჯვებას პროგნოზირებენ - ამ ვითარებაში 28 წლის  ბარდელა პრემიერ-მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატია

მსგავსი სიახლეები