ლიეტუვა და პოლონეთი სუვალსკის დერეფანის დასაცავად წვრთნას ჩაატარებენ
ლიეტუვა და პოლონეთი სუვალსკის დერეფნის დასაცავად ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადებიან.
ეს ინფორმაცია Delfi-სთან ერთობლივ ინტერვიუში ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გიტანას ნაუსედამ და ანდჟეი დუდამ დაადასტურეს.
"ძალიან მიხარია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მართლაც გულწრფელად გამოეხმაურა სურვილს, ჩაგვეტარებინა ერთობლივი წვრთნები ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სუვალკის დერეფანს უწოდებენ," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერთან განიხილა წვრთნების სავარაუდო თარიღი, რომელიც შეიძლება აპრილში ჩატარდეს.
თავის მხრივ, დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად ეკიდება სუვალსკის დერეფნის დაცვას და ამ მიმართულებით ზომები უკვე მიღებულია.
"ჩვენ აღვადგენთ პოლონეთის თავდაცვისუნარიანობას ზუსტად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იქ იქმნება ახალი ნაწილები... ჩვენ ვაძლიერებთ პოლონეთის სამხედრო წარმომადგენლობას, ვაძლიერებთ საზღვრის უსაფრთხოებას," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონურ-ლიეტუვური ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესახებ ცნობილი დუდას ვილნიუსში ვიზიტის დროს გახდა, თუმცა ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი არ დაკონკრეტებულა.
სუვალსკის დერეფანი ლიეტუვასა და პოლონეთის საზღვრის 100 კილომეტრის სიგანის მონაკვეთია, რომელიც რუსეთის კალინინგრადის რეგიონს დასავლეთით და ბელორუსს აღმოსავლეთით ესაზღვრება. ჰიპოთეტური ომის შემთხვევაში, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება სუვალკის დერეფნის სწრაფად აღება, რათა ნატოს მოკავშირეებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ სახმელეთო მარშრუტი მოუჭრას.
დერეფნის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება ლიეტუვისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოითქვა. მაგალითად, ჯერ კიდევ 2019 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვის გაძლიერებაზე, ხოლო 2022 წლის ივლისში დუდამ და ნაუსედამ ერთობლივად მოინახულეს სუვალკის დერეფანი.