ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემი Bayraktar მიიღო
Bayraktar, რომლისთვისაც ლიეტუველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს, უკვე ქვეყანაში ჩავიდა და უახლოეს მომავალში უკრაინას გადაეცემა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე განაცხადა.
"Bayraktar Vanagas (ლიეტუვურად - ქორი) მთელი საბრძოლო მასალებით უკვე ლიეტუვაშია! 6 ივლისს გვექნება მისი მოკლე პრეზენტაცია სიაულიაის საჰაერო ბაზაზე, რის შემდეგაც ის განაგრძობს მოგზაურობას უკრაინაში!" - დაწერა თავდაცვის მინისტრმა.
Bayraktar TB2 ტაქტიკური, საშუალო სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატია, რომლის ფრენის ხანგრძლივობაც 12 საათზე მეტია. Bayraktar TB2-ს შეუძლია განახორციელოს სადაზვერვო ოპერაციები და დაარტყას სამიზნეებს მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და ბომბებით. მას ჰაერში 55 კგ-მდე ტვირთის ტარება შეუძლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Bayraktar-ის თანხა ლიეტუვაში მაისში შეგროვდა. საჭირო თანხის შეგროვება ლიეტუველებმა სამ დღეში მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ, თურქმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყანას დრონი უსასყიდლოდ გადასცეს.