მადურომ გაიანის ნაწილი ვენესუელის პროვინციად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გაიანას პროვინციის შესახებ ჩატარებული საკამათო რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, ამ ქვეყნის დასავლეთი ნაწილი - ესეკიბო - ვენესუელის 24-ე შტატად გამოაცხადა. 

5 დეკემბერს ჩატარებულ პარლამენტის სხდომაზე მან შესაბამისი კანონპროექტი წარადგინა.

მადურომ ვენესუელის სახელმწიფო ნავთობის კონგლომერატს უბრძანა დაუყოვნებლივ დაიწყოს ლიცენზიების გაცემა ესეკიბოს შტატში ნავთობის, გაზისა და სხვა რესურსების მოპოვებაზე. მან ნავთობკომპანიებს, რომლებიც ზღვის იმ ნაწილში მუშაობენ, რომელიც დელიმიტირებული არ არის, სამი თვე მისცა ოპერაციების შესაჩერებლად.

მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელის ახალი რუკა, გაიანა-ესეკიბას შტატით, ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას გაეგზავნება.

3 დეკემბერს ვენესუელამ საკამათო რეფერენდუმი ჩაატარა, რომელშიც ოფიციალური მონაცემებით, მოქალაქეთა 95%-მა მხარი დაუჭირა ესეკიბოს შტატის ქვეყანასთან შეერთებას.

გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი ვენესუელისთვის რეგიონის ანექსიის საბაბია. გაიანას გენერალურმა პროკურორმა ანილ ნანდლალმა განაცხადა, რომ ის გაეროს უშიშროების საბჭოს დახმარებას სთხოვს, თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს.

გაიანამ ვენესუელაში რეფერენდუმს ეგზისტენციალური საფრთხე უწოდა. ესეკიბო გაიანის ტერიტორიის ფართობის ორ მესამედია. გაიანაში მცხოვრები 800 ათასი ადამიანიდან აქ 125 ათასი ცხოვრობს.

ესეკიბოზე ვენესუელა ნახევარ საუკუნეზე მეტია აცხადებს პრეტენზიას. რეგიონის ანექსიის სურვილი 2015 წლის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც ExxonMobil-მა რეგიონში ნავთობის საბადოები აღმოაჩინა. 2023 წლის ოქტომბერში ესეკიბოში კიდევ უფრო მეტი ნავთობი აღმოაჩინეს, რამაც გაიანას ნავთობის მარაგი მინიმუმ 10 მილიარდ ბარელამდე გაზარდა. ეს უფრო მეტია ვიდრე ქუვეითის ან არაბეთთა გაერთიანებული საემიროების.

მსგავსი სიახლეები