პუტინი მოკავშირე ვენესუელის, კუბისა და ირანის მიმართ მუქარას არ გამოეხმაურა
მიმდინარე წლის იანვარში აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გაიტაცა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ბოლოდროინდელ გამოსვლებში დაემუქრა კუბას და ირანის ხელისუფლებას.
სამივე სახელმწიფო რუსეთის მოკავშირე ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, ვლადიმირ პუტინს არც ერთ მუქარაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ვენესუელა: 3 იანვარს აშშ-მ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დააკავა და ქვეყნიდან გაიყვანა მადურო და მისი ცოლი.
- ამის შემდეგ, აშშ-მ ჩრდილოვანი ფლოტის რამდენიმე ტანკერი დააკავა და ვენესუელას რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
- რუსეთის რეაქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით შემოიფარგლა. უწყებამ მადუროს დაკავებას "შეიარაღებული აგრესიის აქტი" უწოდა.
- უკანასკნელად პუტინმა ვენესუელის თემაზე კომენტარი 2025 წლის 11 დეკემბერს გააკეთა. მან სოლიდარობა გამოუცხადა ვენესუელელ ხალხს და მხარი დაუჭირა მთავრობის კურსს.
კუბა: მოსალოდნელია რომ ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება კუბის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში კუბის ხელისუფლებას "გარიგების დადებისკენ" მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავთობისა და ფულის გარეშე დარჩენით დაემუქრა.
- გარდა ამისა, მადუროს დაკავების სპეცოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა 32 კუბის მოქალაქე.
- რუსეთს თავისი მოკავშირის, კუბის მიმართ გამოთქმულ მუქარებს შეფასებაც კი არ მისცა.
ირანი: ირანში 28 დეკემბრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სხვადასხვა მონაცემებით ძალოვანმა სტრუქტურებმა რამდენიმე ათასი მომიტინგე მოკლეს.
- 11 იანვარს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ პროტესტის უკან ისრაელისა და აშშ-ს სპეცსამსახურები დგას.
- 12 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან მიმართებით "რამდენიმე საკმაოდ ხისტ ვარიანტს" განიხილავს.
- რუსეთის რეაქცია შემოიფარგლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შოიგუს სატელეფონო ზარით ირანელ კოლეგასთან, ალი ლარიჯანთან.
- ოფიციალურად პუტინი ირანის თემას უკანასკნელად 30 დეკემბერს შეეხო. მას ფეზეშქიანთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი.