მაია სანდუ ვარშავაში ჯო ბაიდენს შეხვდა

ვარშავის სამეფო ციხეში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშკარა და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა მოლდოვის მიმართ. ის პოლონეთში, ბუქარესტის ცხრიანის სამიტზე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.

"აი რას ნიშნავს სოლიდარობა.[...] ასე მოიპოვეს მოლდოველებმა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დადგნენ ევროკავშირის წევრობის გზაზე. პრეზიდენტი სანდუ დღეს აქ არის. მე ვამაყობ, რომ თქვენს და მოლდოვის თავისუფლებისმოყვარე ხალხის გვერდით ვდგავარ. აპლოდისმენტები დაუკარით მას", - თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მუდმივ დახმარებას მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად, დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ჩათვლით, ისევე როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების გამკლავებაში.

მაია სანდუმ ამერიკას მოლდოვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარით, რომ მოლდოველებს სურთ დარჩნენ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, იცხოვრონ უსაფრთხოდ და აისრულონ ევროკავშირში გაწევრიანების ოცნება. მადლობა გადავუხადეთ მას აშშ-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე. გამოვიყენე შესაძლებლობა, რათა შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის მეთქვა, რომ იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, საზღვარზე ომით, აშშ-სგან გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჩვენი ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად." - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მოლდოვაში მიიწვია.

მსგავსი სიახლეები