მაკფოლი: უკრაინას აშშ-სგან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიღება შეუძლია
რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან უფრო შორს მოქმედ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიიღებს.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბოლო განცხადების განხილვისას.
30 მაისს ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ არ გაუგზავნის უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს.
"ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში ისეთი სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთზე დარტყმა", - ციტირებს მის სიტყვებს თეთრი სახლის პრესსამსახური.
მაკფოლის თქმით, აშშ-ს ადმინისტრაციის დამაზუსტებელი კომენტარები ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით "უფრო დამამშვიდებელია".
"უკრაინა მიიღებს მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების ახალ პარტიებს უფრო დიდი დიაპაზონით, ვიდრე ამჟამად აქვთ, მაგრამ არა რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის სიღრმეში დარტყმა", - წერს დიპლომატი.
მაკფოლმა ასევე აღნიშნა, რომ "ყველა სარაკეტო სისტემას იგივე შესაძლებლობები არ აქვს. არაფრის გაგზავნას, სჯობს მოკლე დიაპაზონის სისტემების გაგზავნა,"
ამერიკის ხმის ჟურნალისტმა მიხაილ კომადოვსკიმ თქვა, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება ასე განუმარტა:
"ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემების მიწოდება განიხილება, მაგრამ არ განიხილება შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობის მქონე იარაღი (ბრძოლის ველის გარეთ)."