მაკრონი და პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ორგანიზებაზე შეთანხმდნენ
კვირას, 20 თებერვალს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის საუბარი 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ საფრანგეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაიწყო მოლაპარაკებები.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის მიზანი პუტინის დარწმუნება იყო, თავს არ დაესხას უკრაინას.
ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს საათებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
უკრაინის პრეზიდენტმა კი მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან ერთად დონბასში უსაფრთხოების ვითარება განიხილა და სიტუაციის განმუხტვის და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენის მიზნით, სამუშაო ჯგუფის დაუყონებლივ მოწვევას მხარს უჭერს.