მაკრონი: ევროპა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მხოლოდ ამერიკულ იარაღზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს აღნიშნა, რომ მილიარდობით ევრო, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ხარჯავენ ევროპის სამხედრო ბიუჯეტებზე, არ უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად.

ამის შესახებ Reuters წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპულ სახელმწიფოებს შიდა თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ 'მოდით, მეტი დავხარჯოთ ჩვენს ჯარებზე,' ბევრ ქვეყანაში ეს ძალიან ხშირად ნიშნავს: იყიდეთ მეტი ამერიკული იარაღი," - თქვა მან.

საფრანგეთი, რომელსაც აქვს დიდი თავდაცვის ინდუსტრია, ხშირად ჩივის, რომ ევროკავშირის სხვა წევრებმა გადაწყვიტეს შეიძინონ ამერიკული იარაღი ფრანგული ან ევროპული ალტერნატივის ნაცვლად.

მაკრონმა თქვა, რომ ევროპელებმა ასევე უნდა გააერთიანონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია. მისი თქმით, ევროპას აქვს 47 სხვადასხვა ინდუსტრიული პლატფორმა საზღვაო ინდუსტრიისთვის, ხოლო შეერთებულ შტატებს მხოლოდ ექვსი.

მან მოითხოვა ერთობლივი ევროპული იარაღის განვითარება, თუნდაც ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელობის გარეშე.

მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთს ახლა ჰყავს "ყველაზე ეფექტური არმია ევროპაში" და მიაღწია ნატოს სამხედრო ბიუჯეტის სამიზნეს, რომელიც მშპ-ს 2%-ს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გამოთქვა ინიციატივა შეიქმნას ევროპული თავდაცვის ფონდი, მინიმუმ 100 მილიარდი ევროს რესურსით.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კი თქვა, რომ დროა მოკავშირეებმა თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე მეტი დახარჯონ, მიუხედავად "ტრამპის ფაქტორისა."

მსგავსი სიახლეები