მაკრონი: ევროპამ ვერ შეძლო რუსეთის შეკავება

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნებმა ვერ შეძლეს რუსეთის შეკავება და მათი მცდლობები ამ თვალსაზრისით არ იყო წარმატებული. 

ამის შესახებ მაკრონმა France 5-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ამ წნეხის წარუმატებლობის მაგალითად რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ასახელებს - "აქ ჩვენ ყველაზე მცირე წარმატება გვაქვს, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოინგრა."

მაკრონის თქმით, საფრანგეთისთვის მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვება ან კონფლიქტის რუსეთისთვის სასარგებლო პირობებზე გაყინვა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას - მისი თქმით, უკრაინის დახმარების გაგრძელება მისი ქვეყნისთვის მომდევნო წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. 

კონტექსტი 

რუსეთის ეკონომიკა მართლაც უფრო კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებდნენ - გასულ 2022 წელს ეკონომიკის შემცირება პროგნოზირებულზე ნაკლები იყო, წელს კი სავარაუდოა, რომ მშპ-ს ზრდა 3%-ს გადააჭარბებს. 

ერთი შეხედვით წარმატების მიუხედავად ზოგი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა გადახურების პირასაა.  ომზე გაზრდილი ხარჯები და სამუშაო ძალის ნაკლებობა ინფლაციურ წნეხს აძლიერებს. 

ინფლაციის მთავარი მიზეზი კი სახელმწიფო ხარჯებია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ყოველთვიურად იზრდება. მომდევნო წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები თითქმის გაორმაგდება და ჯამში მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება - ეს დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კრემლი ზრდის სოციალურ ხარჯებსაც. პუბლიკაციის ავტორების ცნობით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაღუპული ჯარისკაცებს ოჯახის წევრები იღებენ ერთჯერად ფინანსურ კომპენსაციას, რომელიც ხანდახან მათი 30 წლის ხელფასს უტოლდება. 

 

 

მსგავსი სიახლეები