მაკრონი: მინსკის შეთანხმებების შესრულება მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა

 

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა მინსკის ხელშეკრულებების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 

მაკრონის თქმით, 2015 წელს მიღწეული მინსკის შეთანხმებების შესრულება მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა. 

"26 იანვარს, ნორმანდიული ფორმატის მრჩევლების შეხვედრის ფარგლებში უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის გაყვეს მინსკის შეთანხმებებს. ეს  საკითხი გუშინ პრეზიდენტ პუტინთანაც განვიხილე და მან დაადასტურა რუსეთის მზაობა მომავალშიც გააგრძელოს მინსკის შეთანხმების შესრულება. იგივე მოვისმინე დღეს პრეზიდენტ ზელენსკისგანაც", - თქვა მაკრონმა.

ამასთანავე, მაკრონმა დაადასტურა, რომ 10 თებერვალს ბერლინში ნორმანდიული ფორმატის მრჩევლების შეხვედრა გაიმართება: 

"სამშვიდობო პროცესი ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში შედგება ჯერ კიდევ პარიზის 2019 წლის სამიტის შეთანხმება და გაიმართება ნორმანდიული ფორმატის ლიდერების შეხვედრა." 

მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით საგრძნობლად განსხვავებული პოზიცია და რიტორიკა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

6 თებერვალს, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმება კვლავ რჩება კონფლიქტის გადაჭრის ინსტრუმენტად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ შეთანხმების შესრულებას რუსეთიც დაიწყებს. 

მსგავსი სიახლეები