მაკრონი პუტინზე: იმედგაცრუებული საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შედეგი არ გამოიღო.
მაკრონის თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მან ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნო.
"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საათი გავატარე მასთან საუბარში და იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მოვინახულე ირპენი და ბუჩა, მე მხოლოდ იმედგაცრუებული არ ვარ. ეს არ არის საკმარისად ძლიერი სიტყვა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიწვია ამ ადამიანის ქმედებებმა," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ხანდახან პუტინს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით ურეკავდა, მაგრამ უფრო ხშირად ეს მისი ინიციატივით ხდებოდა.
"ზოგჯერ მე ვურეკავდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას სურდა გარკვეული მესიჯების ან წინადადებების გადაცემა პუტინისთვის", - თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ილუზია პუტინის განზრახვებთან დაკავშირებით, რის გამოც მან "ამხელა ძალისხმევა გამოიჩინა ამ ომის თავიდან ასაცილებლად".
"ამიტომ წავედი ზამთარში მოსკოვში და მანამდე ამ კაცთან ამდენი დრო გავატარე. რადგან მივხვდი, რომ ყოველი ეტაპი, სადაც ის გადავიდოდა, ყოველი ახალი ნაბიჯი რაღაც შეუქცევადს შექმნიდა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის", - განმარტა მაკრონმა.
ის ხაზს უსვამს, რომ სურვილის არარსებობის შემთხვევაშიც კი რუსეთს მოუწევს მოლაპარაკება.
Le Figaro-მ მაისის დასაწყისში დაწერა, რომ მაკრონმა და პუტინმა "თითქმის 20-ჯერ" ისაუბრეს 2021 წლის დეკემბრის შემდეგ. თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან კრემლის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებებში "ასი საათი" გაატარა.