მაკრონი უკრაინაში სამხედრო დანაყოფის გაგზავნას არ გამორიცხავს
ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა და რუსეთზე გამარჯვების მისაღწევად უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა.
"დღეს სახმელეთო ჯარების გაგზავნის საკითხზე კონსენსუსი არ გვაქვს, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ გაიმარჯვოს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპაში",- მოჰყვას მაკრონის ციტატა AFP.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე გამოაცხადა ახალი კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის - ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა სისტემებზეა საუბარი.
ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება არამხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ პოლიტიკურადაც. ელისეს სასახლეში კონფერენციის გამხსნელ სიტყვაში მაკრონმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა ომში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება.
"ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ სისასტიკეს რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო თვეებში"- განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა შეცვალოს მიდგომა და მხედველობაში მიიღოს ის სტრატეგიული და სამხედრო საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის.
პარიზში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის კანცლერმა, ნიდერლანდების, ესპანეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.