მაკრონმა 30 მლრდ ევროიანი სამრეწველო სტრატეგია „საფრანგეთი 2030“ წარადგინა

12 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთწლიანი საინვესტიციო სტრატეგია წარადგინა, რომელიც მრეწველობის პრიორიტეტული დარგების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„საფრანგეთი 2030“-ის სახელით ცნობილი პაკეტი მრეწველობის მაღალტექნოლოგიურ დარგებში, როგორიცაა - ბირთვული და წყალბადის ენერგიის გამომუშავება, „დაბალი ნახშირბადის“ ავიაინდუსტრია, ელექტრომობილებისა და მიკროჩიპების წარმოება - 30 მილიარდი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს.

„ჩვენ ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაში ინვესტირება გვჭირდება, თუ ხელს ხელახლა ინდუსტრიალიზაციას არ მივყოფთ, კვლევებისა და ინოვაციების ქვეყანა ვერასოდეს გავხდებით“, - განაცხადა მაკრონმა ელისეს სასახლეში სტრატეგიის პრეზენტაციის დროს.

მაკრონი თვლის, რომ საფრანგეთმა და ევროპამ ინდუსტრიის „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ სფეროები თავად უნდა განავითარონ და ამით წარმოების მსოფლიო ბაზრისგან ავტონომია შეიძინონ.

პრეზიდენტის ინიციატივა წინასაარჩევნო ფანდად შეაფასა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა.

30 მილიარდიანი პაკეტი საფრანგეთის ეკონომიკაში ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია არ არის.

საფრანგეთის მთავრობამ უკვე მიიღო 100 მილიარდი ევროს ღირებულების ბიუჯეტი პანდემიით დაზარალებული წარმოების დასახმარებლად, რომელიც ნაწილობრივ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსდება.

მსგავსი სიახლეები