მაკრონმა თქვა, რომ "უახლოეს მომავალში" უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ "უახლოეს მომავალში" უკრაინაში ფრანგული ჯარები არ გაიგზავნება.
ამის შესახებ მაკრონმა ჩეხურ პორტალ Novinky-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა გაიხსენა, რომ მან ჯარების გაგზავნაზე პარიზში, ოცზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და შემდეგ აღნიშნა, რომ "არაფერი არ არის გამორიცხული."
"ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვიხილავთ ფრანგული ჯარების უკრაინაში უახლოეს მომავალში გაგზავნას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიას და ვფიქრობთ ყველაფერზე, რაც შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე," - დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ხუთ მიმართულებაზე, სადაც მათ სურთ მეტი გააკეთონ: კიბერთავდაცვა, უკრაინაში სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში რუსეთის თავდასხმით პირდაპირ საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოება, კერძოდ, მოლდოვა, ბელორუსის საზღვარზე უკრაინის მხარდაჭერა და ნაღმების გაწმენდის ოპერაციები.
"გარდა ამისა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე," - აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ "დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ არის გამორიცხული."
ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებში, რომელთა ლიდერებიც აცხადებენ, რომ ისინი არ გაგზავნიან ჯარს.