მარიუპოლის მერი: რუსებმა მარიუპოლთან 30 მეტრიანი მასობრივი საფლავი გათხარეს
დონეცკის ოლქის სოფელ მანგუშის მცხოვრებლებმა, რომელიც მარიუპოლის მახლობლად მდებარეობს, აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, სადაც რუსი დამპყრობლები მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებს მარხავენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ 21 აპრილს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"არსებობს ინფორმაცია, რომ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქალაქ მარიუპოლში მოხდა და აქვს ომის დანაშაულების, გენოციდის ნიშნები, დღეს მალავენ – ადამიანებს მასობრივ საფლავებში კრძალავენ. მანგუშთან, როგორც ჩვენი მოსახლეობა აცხადებს, 30 მეტრიანი მასობრივი საფლავი გათხარეს", - განაცხადა ბოიჩენკომ.
მერის მრჩევლის, პიოტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, დაღუპულთა ცხედრები საფლავზე სატვირთო მანქანებით მიაქვთ და "ნაპირზე ყრიან".
"საინტერესო დეტალია, ყველა ცხედარი პლასტმასის ჩანთებშია მოთავსებული, ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წინასწარ ინფორმაციას მარიუპოლის ინდუსტრიულ ზონასთან სხვა ადგილას გარდაცვლილთა ცხედრების შეგროვების შესახებ. ეს არის ომის დანაშაულებისა და მათი დამალვის მცდელობების პირდაპირი მტკიცებულება", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
გარდა ამისა, ბოიჩენკომ თქვა, რომ რუსებმა მარიუპოლის გარშემო ოთხი ბანაკი მოაწყვეს, რომლებშიც "საკმაოდ მკაცრი ფილტრაცია" კვირაზე მეტია მიმდინარეობს.
"ისინი ძალიან ზედმიწევნით უყურებენ ყველა მარიუპოლელ კაცს - მათ რამდენჯერმე ფილტრავენ: ისინი ყველანი იყვნენ გისოსებს მიღმა, დაკითხვებზე. ვიღაც ორი საათით, ვიღაც ერთი კვირა და ვიღაც ერთი თვე", - თქვა ქალაქის მერმა.