მარიუპოლში მებრძოლი რუსი ჯარისკაცი: ბიჭები გარბიან, ქვეითები აღარ გვყავს

სოციალურ მედიაში ვრცელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-8 საარმიო გვარდიის ნაწილის ჯარისკაცის მონაყოლი, რომელიც მარიუპოლის ალყაში მონაწილეობს. 

"ბიჭები მასიურად ამბობენ უარს ბრძოლაზე, ქვეითები აღარ გვყავს", - ამბობს ჯარისკაცი МО-სთან საუბარში. მიუხედავად იმისა, რომ კრემლისტური ტელევიზიები ერთი-მეორეს მიყოლებით აჩვენებენ "გათავისუფლებული" მარიუპოლის კადრებს და მათი თქმით, ამ დროისთვის თითქმის მთლიანი ქალაქ მათ კონტროლქვეშაა, ჯარისკაცი ამბობს, რომ ქალაქის უმეტეს უბნებში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

"აქ სრული საშინელება ხდება, გვყავდა 60 ტანკი, დაგვრჩა 6. ჯერჯერობით დაგვრჩა რამდენიმე ეკიპაჟი, მაგრამ 102-ე პოლკი მთლიანად დაადუღეს ჩასაფრების დროს. მეთაური მათ ეუბნებოდა, რომ ისინი სადაზვერვო მისიაზე მიდიოდნენ, მაგრამ ბიჭებმა იცოდნენ, რომ ისინი საზარბაზნე ხორცად მიჰყავდათ."

რუსი ჯარისკაცის მონაყოლი, ასევე დასტურდება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაორგანიზებული პროექტის Ищи своих-ის პოსტებითაც. ამ არხზე ჯერ კიდევ 26 თებერვალს აჩვენებს უკრაინელი მებრძოლების მიერ ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცები 102-ე მოტომსროლელი ბრიგადიდან. 

უკვე მარტის დასაწყისში, ამავე არხზე გამოქვეყნდა მარიუპოლთან განადგურებული 102-ე სატანკო ასეულის პირადი შემადგენლობის სიები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ დანაყოფში მომსახურე სამხედროების უმრავლესობა უკვე დაღუპული იყო. 

მარიუპოლის ალყისას მოკლულ ბევრ ჯარისკაცზე ჰყვებიან რუსეთის მერვე არმიის ჯარისკაცების ნათესავებიც. მათი თქმით, სამხედროებს მუდმივად ჰპირდებიან, რომ სახლში გაუშვებენ და ამავდროულად, დღეში დამატებითი ანაზღაურების სახით 55 დოლარს უხდიან.

 

მსგავსი სიახლეები