მედვედჩუკმა პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა
პრო-რუსმა ოლიგარქმა, სახალხო დეპუტატმა პარტიიდან "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელსაც ბრალად ღალატი და ტერორიზმის ხელშეწყობა ედება, სამარა-დასავლეთის მიმართულების ნავთობპროდუქტის მილსადენის ნაწილის პრივატიზების სქემაზე ჩვენება მისცა.
ამის შესახებ 23 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედვედჩუკმა აღწერა სქემაში უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს როლი. კერძოდ, მან თქვა, რომ პოროშენკომ არა მხოლოდ მიმართა მას რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირების თხოვნით, არამედ უზრუნველყო, რომ უკრაინის ყველა ინსტანციაში მიღებული ყოფილიყო საჭირო გადაწყვეტილებები.
"იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და ფაქტობრივად თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებების განხორციელება... სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების სააგენტო - ეს ყველაფერი. მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პოროშენკოს პირადი ინტერესებისთვის იყო აუცილებელი", - განაცხადა სახალხო დეპუტატმა.
მედვედჩუკის თქმით, ექსპლუატაციის წლის განმავლობაში მილსადენმა მფლობელებს ორჯერ მეტი შემოსავალი მისცა, ვიდრე ინვესტიცია იყო - $42 მილიონამდე. ხოლო 2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, დიზელის ამოტუმბვა გაჩერდა.
მედვედჩუკმა ასევე აღწერა 2014-2015 წლებში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებებისთვის დონბასელი ბოევიკებისგან ქვანახშირის შეძენის მექანიზმის გამართვის დეტალები.
"ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას", - განაცხადა დაკავებულმა.
მედვედჩუკმა სქემაში ჩართული უკრაინელი ოფიციალური პირების გვარები დაასახელა. მის მიერ ნახსენებ პირებს შორის არიან ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვოლოდიმირ დემჩიშინი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი იგორ კონონენკო, უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერია გონტარევა და ბიზნესმენი სერხიი კუზიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთან უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ჩადენილი დანაშაულების ყველა ფაქტის, გარემოების და მონაწილეთა დადგენის მიზნით.