მედვედევი: საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთიან სახელმწიფოშია შესაძლებელი

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თავის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს და ყაზახეთის შესახებ.

მედვედევის თქმით, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება მხოლოდ რუსეთთან ერთიან სახელმწიფოშია შესაძლებელი, ხოლო ყაზახეთი საერთოდაც ხელოვნური სახელმწიფოა. 

პოსტი მალევე წაიშალა, ხოლო მედვედევის თანაშემწემ განაცხადა, რომ მისი ქსელი დაჰაკეს და პოსტი მას არ ეკუთვნის. 

თავის პოსტში მედვედევი წერს, რომ 1990-იან წლებში დაშვებული შეცდომას რუსეთი აუცილებლად გამოასწორებს და აღარ დაუშვებს არავითარ სუვერინეტეტის აღლუმებს. 

"ხალხები, რომლებიც ოდესღაც ერთიან და ძლიერ საბჭოთა კავშირში იყვნენ გაერთიანებულები კვლავ ერთად იცხოვრებენ მეგობრულად და ურთიერთგაგებაში", - წერს მედვედევი. 

მედვედევის თქმით, რუსეთმა უკვე გადადგა ნაბიჯები ამ გზაზე და კიევის "ნაცისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ მოსკოვის მეთაურობით და სლავი ხალხის მეთაურობით წავალთ შემდეგ ლაშქრობაში ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც როგორც ცნობილია არსად მთავრდება." 

ამ კონტექსტში მედვედევი საქართველოს ახსენებს და ამბობს, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა და ხუთი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტისგან შედგებოდა. 

მედვედევის თქმით, მტრულ გარემოში აღმოჩენილი საქართველო მიილტვოდა რუსეთისკენ და ახლა ისტორია მეორდება:

"ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების გაერთიანება მხოლოდ რუსეთთან საერთო სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი."

კიდევ ერთ მაგალითად მედვედევს ყაზახეთი მოჰყავს. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩრდილოეთ ყაზახეთის მოსახლეობის 62% ეთნიკურად სლავი იყო:

"მოგვიანებით ყაზახეთის მთავრობამ ამ ტერიტორიებზე სხვა ეთნოსების ჩასახლება დაიწყო, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც რუსების გენოციდი". 

მედვედევის თქმით, ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოა და ისინი არ დახუჭავენ თვალს რუსების შევიწროვებაზე.

"სანამ იქ არ მივლენ რუსები წესრიგი არ იქნება" - დაწერა მედვედევმა.

 

მსგავსი სიახლეები