მელონი: იტალია ნატოსთან თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
იტალია გააგრძელებს ნატოსთან საიმედო პარტნიორობას და მხარს დაუჭერს უკრაინას. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ 25 ოქტომბერს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მელონიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის "საერთო სახლი იმ გამოწვევებთან დასაპირისპირებლად, რომლებთან მარტო გამკლავებაც წევრი ქვეყნებისთვის რთულია".
მან განაცხადა, რომ იტალიის ახალი მთავრობის მიდგომა არის არა ევროინტეგრაციის საბოტაჟი, არამედ მექანიზმის უკეთ ფუნქციონირებაში წვლილის შეტანა.
"მადლობელი ვარ ბევრი უცხოელი ლიდერის, რომლებმაც წარმატება მისურვეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. შევნიშნე, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან, რა პოზიცია ექნება იტალიას ევროკავშირში, მის სტრუქტურებში. ეს სტრუქტურები სწორედ ის ადგილია, სადაც ჩვენ მივაღწევთ, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს", - თქვა მელონიმ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალია ევროპისა და დასავლური სამყაროს სრულყოფილი ნაწილია.
მელონის მეთაურობით მთავრობამ მუშაობა გასული კვირის ბოლოს დაიწყო. სამთავრობო კოალიციაში სამი მემარჯვენე პარტია შევიდა. მათგან ყველაზე დიდი მელონის პარტია "იტალიის ძმებია", რომელმაც არჩევნებზე ხმების 26% მიიღო.